მუხლი 1. უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველი
უნივერსიტეტის საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს:
ა)საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
ბ) საქართველოს შრომის კოდექსი;
გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსი;
დ) საქართველოს კანონი „მეწარმეთა შესახებ“;
ე) საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“;
ვ) საქართველოს კანონი “საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების საქმიანობის ლიცენზირების შესახებ”;
ზ) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კანონქვემდებარე აქტები;
თ) შპს „რეუ - შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული უნივერსტეტის“ წესდება, უნივერსიტეტის დებულება და შინაგანაწესი.
მუხლი 2. ზოგადი დებულებები
2.1. წინამდებარე შინაგანაწესი წარმოადგენს სამართლებრივ - დისციპლინარული წესების კრებულს, რომელიც ადგენს უნივერსიტეტის პერსონალის სამუშაო პირობებს, უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების და პერსონალის ქცევის წესებს და დადგენილი წესების დარღვევისათვის აწესებს შესაბამის დისციპლინარულ პასუხისმგებლობას. განსაზღვრავს აკადემიური თანამდებობების დაკავების ზოგად წესს.
2.2. შინაგანაწესის მიზანია უზრუნველყოს თანამშრომელთა და სტუდენტთა შეუფერხებელი სასწავლო–სამეცნიერო საქმიანობა. ხელი შეუწყოს მათი შრომის და სწალის კონსტიტუციური უფლებების დაცვას.
2.3. წინადმებარე შინაგანაწესი სავალდებულოა შესასრულებლად უნივერსიტეტის თითოეული თანამშრომლისა და სტუდენტისათვის. თითოეული მათგანი ვალდებულია გაეცნოს უნივერსიტეტის შინაგანაწესს, იცოდეს და დაიცვას მისი სამუშაო პირობები.
2.4. შინაგანაწესით განსაზღვრულ პირობათა შეუსრულებლობა შესაძლებელია გახდეს დამრღვევი თანამშრომლის ან/და სტუდენტის დისციპლინარული პასუხისმგებლობის საფუძველი. შინაგანაწესის შესრულებაზე კონტროლი ევალება უნივერსიტეტის რექტორს.
მუხლი 3. სამსახურში მიღება და განთავისუფლება
3.1 უნივერსიტეტის თანამშრომლებთან ყველა სახის სამართლებრივი ურთიერთობა რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბმისად.
3.2 უნივერსიტეტში არსებობს ადმინისტრაციული, აკადემიური და დამხმარე თანამდებობანი.
3.3 ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი ინიშნება რექტორის ბრძანებით.
3.4 აკადემიური თანამდებობების დაკავება ხდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტების მოთხოვნების დაცვით. კონკურსის შედეგების შესაბამისად აკადემიურ პერსონალს ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი ბრძანებით.
3.5 უნივერსიტეტში სასწავლო–სამეცნიერო საქმიანობის სრულყოფილად განხორცილებისათვის შესაძლებელია დამატებით განხორციელდეს ლექტორების მოწვევა სალექციო კურსების წასაკითხად ხელშეკრულების საფუძველზე.
3.6 უნივერსიტეტის თანამშრომელთა უფლება–მოვალეობები დამატებით რეგულირდება უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4. აკადემიური თანამდებობების დაკავების წესი
4.1. უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს: სრული პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად მედიის საშუალებით;
4.2. „უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ შესაბამისად
ა) პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის მინიმუმ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება გააჩნია;
ბ) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის მინიმუმ 3 (სამი) წლის გამოცდილება გააჩნია;
გ) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი;
4.3. კონკურსი ტარდება გასაუბრების წესით ორ ეტაპად.
მუხლი 5. უნივერსიტეტის სტუდენტი
5.1 სტუდენტების მიღება უნივერსიტეტში ხორციელდება არაკრედიტებულ რეჟიმში (ავტორიზაციის გავლამდე) ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.
5.2 უნივერსიტეტში სტუდენტის ჩარიცხვა ხორციელდება მასთან ხელშეკრულების დადებით და მისი ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოცემით.
5.3 უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი ვალდებულია დროულად (ხელშეკრულების მიედვით) გადაიხადოს სწავლის საფასური.
5.4 სტუდენტი, რომელიც უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ ვადებში არ (ან ვერ) ჩააბარებს შუალედურ და საბოლოო გამოცდებს, დამატებით დაშვებისთვის (თუ რაიმე სხვა მიზეზი არ არსებობს) იხდის დამატებით გადასახადს შუალედურ გამოცდაზე (კოლოკვიუმზე) – 10 ლარს (შემდგომში იქნება საშუალოდ ლექტორისთვის გადასახდელი 1 აკ/ს ღირებულება), ხოლო საბოლოო გამოცდაზე – 20 ლარს (შემდგომში იქნება საშუალოდ ლექტორისთვის გადასახდელი 2 აკ/ს ღირებულება).
5.5 სტუდენტს რომელსაც არ ექნება დაფარული სწავლის საფასური (ხელშეკრულებაში მითითებულ ვადებში) არ დაიშვება შუალედურ და საბოლოო გამოცდაზე.
5.6 უნივერსიტეტის რექტორი ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე ბრძანებით განუსაზღვრავს ვადას წინა სასწავლო წლის დავალიანების მქონე სტუდენტებს დავალიანების დასაფარავად.
5.7 დადგენილ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორი უფლებამოსილია დამატებით განუსაზღვროს კონკრეტულ სტუდენტებს ვადა დავალიანების დასაფარავად.
5.8 სწავლის საფასურის დაფარვის შემდეგ უნივერსიტეტის რექტორი დეკანის შუამდგომლობის საფუძველზე ბრძანებით ნიშნავს განმეორებით გამოცდას.
5.9 უნივერსიტეტის მხრიდან არაერთგზის გაფრთხილებისდა მიუხედავად, თუკი დავალიანების მქონე სტუდენტები არ განახორციელებენ სწავლის საფასურის დავალიანების დაფარვას, უნივერსიტეტის რექტორი უფლებამოსილია ამორიცხოს ასეთი სტუდენტები უნივერსიტეტიდან.
5.10 უნივერსიტეტის სტუდენტთა უფლება – მოვალეობები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობით, ხელშეკრულებით, წინამდებარე შინაგანაწესითა და უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 6. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე სტუდენტების და პერსონალის ქცევის წესები
6.1. უნივერსიტეტის ყოველი თანამშრომელი და სტუდენტი ვალდებულია დაიცვას უნივერსიტეტის სახელი და პრესტიჟი, სანიმუშოდ შეასრულოს მასზე დაკისრებული უფლება–მოვალეობანი.
6.2. უნივერსიტეტის პერსონალი და სტუდენტები ვალდებულნი არიან ზედმიწევნით ზუსტად დაიცვან უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ქცევის წესები, აგრეთვე ეთიკის ნორმები უნივერსიტეტის პერსონალთან და სხვა სტუდენტებთან ურთიერთობაში;
6.3. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პერსონალს და სტუდენტებს ეკრძალებათ:
ა) ხმაური და მეცადინეობებისათვის ხელის შეშლა;
ბ) მეცადინეობებზე მობილური ტელეფონის გამოყენება (საუბარი, თამაში, სურათების გადაღება).
გ) აზარტული თამაშები, ალკოჰოლური და ნარკოტიკული საშუალებების, აგრეთვე პოლიტიკური და რელიგიური სააგიტაციო, სარეკლამო ფურცლებისა და პროკლამაციების შემოტანა და გავრცელება;
დ) უნივერსიტეტის ტერიტორიაზე პოლიტიკური ხასიათის გამოსვლებისა და მიტინგების მოწყობა;
ე) ცეცხლსასროლი, გაზის ან საფანტის იარაღით, დანით ან დანის მაგვარი იარაღით შემოსვლა.
6.4. უნივერსიტეტში აკრძალულია თამბაქოს მოწევა სპეციალურად ამისათვის გამოყოფილი ადგილების გარდა.
6.5. სტუდენტის პირადი შეხედულებები, გამოთქმული უნივერსიტეტის პერსონალის თანდასწრებით, აგრეთვე პოლიტიკური, რელიგიური და სხვა სახის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა უნივერსიტეტის პერსონალისთვის სასწავლო პროცესის განხორციელებისას კონფიდეციალურია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს სტუდენტის თანხმობა ინფორმაციის გამჟღვნებაზე ან საკითხი ეხება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კანონიერ უფლებას ადმინისტრაციის მხრიდან. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის მოპოვების, შენახვისა და გაცემის პროცედურების განხორციელებისას უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებით;
6.6. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე უნივერსიტეტის დაცვის სამსახურის თანამშრომელთა ნებისმიერი კანონიერი განკარგულება სავალდებულოა სტუდენტისათვის; უნივერსიტეტის ტერიტორიაზე დადგენილი ქცევის წესების დარღვევის შემთხვევაში დაცვის სამსახურს უფლება აქვს მიიღოს საჭირო ზომები დამრღვევის მიმართ, ხოლო თუ ქმედება შეიცავს ადმინისტრაციული დარღვევისა და დანაშაულის ნიშნებს, გამოიძახოს საპატრულო პოლიცია შესაბამისი რეაგირებისათვის.
მუხლი 7. სამუშაო დრო და დასვენების დრო
7.1 უნივერსიტეტის სამუშაო კვირა განისაზღვრება 5 დღით, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. დილის 930 საათიდან 1730 საათამდე.
7.2 უნივერსიტეტი არ მუშაობს საქართველოს შრომის კოდექსის მე-20 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ დასვენების დღეებში.
7.3 ადმინისტრაციულ და დამხმარე პერსონალს დღის განამავლობაში განესაზღვრებათ 1 საათიანი შესვენების დრო და შეუძლიათ რექტორთან შეთანხმებით აირჩიონ დღის სასურველი მონაკვეთი შესვენებისათვის.
7.4 სტუდენტების სალექციო და დასვენების დრო განისაზღვრება სასწავლო ცხრილების შესაბამისად.
7.5 ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალი წლის განამავლობაში სარგებლობს 24 სამუშაო დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით.
7.6 შვებულებაში გასვლის დრო თანხმდება რექტორთან.
7.7 აკადემიური პერსონალი უხელფასო შვებულებაში გადის სასწავლო პროცესის დასრულებისთანავე.
7.8 ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალს უფლება აქვთ ისარგებლონ დამატებით უხელფასო შვებულებით მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
7.9 ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის უხელფასო შვებულებაში გასვლის საკითხი თანხმდება რექტორთან.
7.10 შვებულებაში გასვლის საკითხები წინამდებარე შინაგანaწესის გარდა დამატებით რეგულირდება საქართველოს შრომის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 8. უნივერსიტეტის თანამშრომელთა და სტუდენტთა სამსახურში
დაგვიანება. სამსახურში გამოუცხადებლობა.
8.1 უნივერსიტეტში წარმოებს თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადებისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვა.
8.2 სამუშაო დღის დაწყებისათვის უნივერსიტეტის თანამშრომლის, გარდა აკადემიური პერსონალისა, უნივერსიტეტში 15 წუთით მეტი დროით დაგვიანება მიიჩნევა უნივერსიტეტში დაგვიანებით გამოცხადებად.
8.3 აკადემიური პერსონალის მიერ მათთვის დადგენილი გრაფიკის შესაბამისად ლექციის დაწყებამდე 10 წუთით ადრე გამოუცხადებლობა ითვლება დაგვიანებად.
8.4 უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი ვალდებულია დროულად გმოცხადდეს ლექცია–სემინარებზე.
8.5 15 წუთით მეტი დროით დაგვიანების შემთხვევაში სტუდენტი აღარ დაიშვება ლექცია–სემინარზე.
8.6 დაგვიანების შემთხვევაში უნივერსიტეტის თანამშრომელი ვალდებულია რექტორს ზეპირი, ან მოთხოვნის შემთხვევაში წერილობითი ახსნა – განმარტება ჩააბაროს სამსახურში დაგვიანების მიზეზების შესახებ, რის საფუძველზეც უნივერსიტეტი იღებს გადაწყვეტილებას თანამშრომლის დაგვიანების საპატიოდ ჩათვლა-არჩათვლის თაობაზე.
8.7 არასაპატიო მიზეზით სამსახურში დაგვიანება, სამსახურში გამოუცხადებლობა და სამუშაო დროის სხვაგვარი გაცდენა შეიძლება გახდეს უნივერსიტეტის თანამშრომლის მიმართ დისციპლინარული ზემოქმედების ზომების დაკისრების საფუძველი.
მუხლი 9. წახალისების ფორმები
9.1.პედაგოგიურ, სამეცნიერო-კვლევით და შრომით საქმიანობაში მიღწეული წარმატებებისათვის, უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისათვის უნივერსიტეტის პერსონალის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
გ) ადრე დადებული დისციპლინარული სასჯელის ვადამდე მოხსნა;
დ) პრემიით დაჯილდოება.
მუხლი 10. სამსახურეობრივ საკითხებზე ბრძანებების უნივერსიტეტის
თანამშრომლებამდე/სტუდენტებამდე დაყვანის წესი
10.1 უნივერსიტეტს ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის რექტორი. უნივერისტეტის თითოეული თანმაშრომელი და სტუდენტი ანგარიშვალდებულია რექტორის წინაშე.
10.2. უნივერსიტეტის რექტორი უზრუნველყოფს საქმეთა გადანაწილებას თანამშრომლებს შორის მათი კომპეტენციის შესაბამისად.
10.3 სამსახურებრივ საკითხებზე თანამშრომლებისათვის განკარგულებებების გაცემის უფლებამოსილება უნივერსიტეტში გააჩნია უნივერსიტეტის რექტორს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
მუხლი 11. შრომის ანაზღაურება.
11.1. უნივერსიტეტის თანამშრომლების შრომის ანაზღაურება განისაზღვრება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანების შესაბამისად.
11.2 ხელფასის გაცემა ხორციელდება ყოველი თვის ბოლოს უნაღდო ან ნაღდი (კონკრეტულ შემთხვევაში) ანგარიშსწოების გზით.
11.3 უნივერსიტეტის რექტორი უფლებამოსილია თანამშრომელთა მიმართ გაამოიყენოს მატერიალური წახალისების ფორმები. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
მუხლი 12. დისციპლინარული ღონისძიებები და სახეები
12.1 უნივერსიტეტის რეტორი უფლებამოსილია უნივერსიტეტის თანამშრომლისა და სტუდენტის მხრიდან წინამდებარე შინაგანაწესისა და ასევე უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოვალეობების დარღვევის შემთხვევაში მათ მიმართ გაატაროს დისციპლინარული პასუხისმგებლობის ღონისძიებები.
12.2 დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა განისაზღვრება რექტორის მიერ თითოეული კონკრეტული შემთხვევისათვის ინდივიუალურად, მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით.
12.3 დისციპლინარული პასუხიმგებლობის ღონისძიების გატარების თაობაზე უნივერსიტეტის რექტორი გამოსცემს ბრძანებას.
მუხლი 13. დისციპლინური სახდელები
13.1. დისციპლინური სახდელი განსაზღვრულია წინამდებარე შინაგანაწესით და შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური დარღვევისას;
13.2. უნივერსიტეტში გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) უნივერსიტეტიდან გარიცხვა.
13.3. გაფრთხილება შეიძლება გამოეცხადოს სტუდენტს, რომელმაც ჩაიდინა სტუდენტისათვის შეუფერებელი არაეთიკური საქციელი; გაფრთხილება მატერიალური კომპენსაციით შეიძლება დაეკისროს სტუდენტს, რომელმაც დააზიანა უნივერსიტეტის ქონება, მაგრამ არ მიაყენა მნიშვნელოვანი ზარალი უნივერსიტეტს;
13.4. საყვედური შეიძლება გამოეცხადოს სტუდენტს, რომელმაც დაარღვია ამ შინაგანაწესით გათვალისწინებული ქცევის წესები. საყვედური მატერიალური კომპენსაციით შეიძლება გამოეცხადოს სტუდენტს, რომელიც:
ა) დააზიანებს უნივერსიტეტის ქონებას, თუ ზარალი არ აღემატება 200 ლარს;
ბ) ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს წინამდებარე შინაგანაწესით გათვალისწინებულ დარღვევას;
13.5. სასტიკი საყვედური შეიძლება გამოეცხადოს სტუდენტს, რომელიც:
ა) შემოიტანს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ალკოჰოლურ სასმელს, ნარკოტიკულ და ფსიქოტროპულ საშუალებებს;
ბ) შემოვა უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ტოკსიკური ან ფსიქოტროპული საშუალებების ზემოქმედების მდგომარეობაში;
გ) უნებართვოდ აიღებს უნივერსიტეტისათვის საჭირო დოკუმენტაციას ან წინასწარი განზრახვით გაანადგურებს მათ;
დ) უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მოახდენს იარაღიდან გასროლას;
ე) შევა გამოცდაზე სხვა სტუდენტის მაგივრად ან ეცდება თავის მაგივრად გამოცდა ჩააბარებინოს სხვა სტუდენტს;
ვ) ჩაშლის გამოცდას;
ზ) განზრახ მიაწოდებს ცრუ ინფორმაციას სტუდენტებს და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს ან თანამშრომლებს, რის გამოც ჩაიშლება გამოცდა;
თ) უნივერსიტეტის ტერიტორიაზე შემჩნეული იქნება ამორალურ ქმედებებში;
ი) ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას;
13.6. სასტიკი საყვედური მატერიალური კომპენსაციით შეიძლება გამოეცხადოს სტუდენტს, რომელიც:
ა) დააზიანებს უნივერსიტეტის ქონებას, თუ ზარალი აღემატება 200 ლარს;
ბ) ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას.
13.7. სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას ექვემდებარება სტუდენტი, რომელიც აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ხულიგნურ ქმედებებში ან საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაში უნივერსიტეტის ტერიტორიაზე, ჩაიდენს პირადი ან უნივერსიტეტის ქონების ქურდობას, შემჩნეულ იქნება ნარკოტიკული საშუალებების გასაღებაში ან უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ჩაიდენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულს.
მუხლი 14. დისციპლინური სახდელის გასაჩივრების წესი
14.1. შეფარდებული სახდელის თაობაზე აპელაცია ერთი კვირის ვადაში შეიძლება შეტანილ იქნეს რექტორის სახელზე, რომელიც ან ტოვებს სასჯელს უცვლელად ან ნიშნავს მოკვლევას, და მოკვლევის დასკვნას წარუდგენს უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს. საბჭოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
14.2. სტუდენტის აპელაცია უნივერსიტეტიდან გარიცხვის შესახებ განიხილება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და ექვემდებარება გასაჩივრებას მხოლოდ სასამართლოში.
მუხლი 15. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა
15.1. სწავლისა და შრომითი საქმიანობის პროცესში მიღწეული წარმატებისთვის სტუდენტსა და უნივერსიტეტის თანამშრომელს წახალისების სახით შეიძლება ვადამდე მოეხსნას ადრე დადებული დისციპლინური სახდელი;
15.2. სასჯელის ვადამდე მოხსნის წესი განსაზღვრულია წინამდებარე შინაგანაწესით.
მუხლი 16. უნივერსიტეტის პერსონალი, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის სუბიექტი
16.1. უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი ექვემდებარება დისციპლინარულ პასუხისმგებლობას დისციპლინარული დარღვევისათვის;
16.2. დისციპლინარულ დარღვევად ჩაითვლება პერსონალის მიერ საქართველოს კანონმდებლობით, უნივერსიტეტის დებულებით, წინამდებარე შინაგანაწესით და შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა ბრალეული ან გაურთხილებელი შეუსრულებლობა ან არასათანადო შესრულება ან ეთიკის ნორმების უხეში დარღვევა.
მუხლი 17. დისციპლინური სახდელები, რომლებიც შეიძლება დაეკისროს უნივერსიტეტის პერსონალს
17.1. უნივერსიტეტის პერსონალს შეიძლება დაეკისროს შემდეგი სახის დისციპლინური სახდელები;
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) სასტიკი საყვედური;
დ) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება/დაქვეითება;
ე) დათხოვნა (შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა).
17.2. გაფრთხილება შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც:
ა) უხეშად დაარღვევს ეთიკის ნორმებს;
ბ) დააზიანებს უნივერსიტეტის ქონებას.
17.3. საყვედური შეიძლევა გამოეცხადოს პირს, რომელიც:
ა) დაარღვევს ამ შინაგანაწესით გათვალისწინებულ შეზღუდვებს;
ბ) ჩაშლის სასწავლო პროცესს;
გ) გაავრცელებს უნივერსიტეტში პოლიტიკური და რელიგიური ხასიათის ლიტერატურას;
დ) მიაწოდებს სტუდენტს გადასაწერ მასალას გამოცდაზე ან განახორციელებს ნებისმიერ სხვა ქმედებას, რომელმაც შეიძლება ეჭვის ქვეშ დააყენოს გამოცდის შედეგების ობიექტურობა;
ე) დააზიანებს უნივერსიტეტის ქონების, თუ ზარალი აღემატება 100 ლარს;
ვ) წლის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს ამ შინაგანაწესით გათვალისწინებულ დისციპლინურ დარღვევას.
17.4. სასტიკი საყვედური შეიძლება გამოეცხადოს პირს, რომელიც:
ა) შემოიტანს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ნარკოტიკულ საშუალებებს;
ბ) გამოცხადდება სამსახურში ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქიტროპული ზემოქმედების ქვეშ;
გ) ჩაიდენს ხულიგნურ ქმედებას;
დ) მოახდენს გასროლას ცეცხლსასროლი იარაღიდან უნივერსიტეტის ტერიტორიაზე;
ე) დააზიანებს უნივერსიტეტის ქონებას, თუ ზარალი აღემატება 200 ლარს;
ვ) ჩაიდენს ამორალურ საქციელს უნივერსიტეტის ტერიტორიაზე;
ზ) წლის განმავლობაში განმეორებით ჩაიდენს ამ შინაგანაწესით გათვალისწინებულ დისციპლინარულ დარღვევას.
17.5. სასტიკი საყვედური მიყენებული ზარალის ანაზღაურებით, როგორც დისციპლინური სახდელი დაეკისრება პირს, რომელმაც განზრახ ან გაუფრთხილებლად მიაყენა უნივერსიტეტის ქონებას ზარალი 500 ლარზე მეტი თანხის მოცულობით.
17.6. თანამდებობიდან გათავისუფლება/დაქვეითება შეიძლება დაეკისროს პირს, რომელმაც უხეშად დაარღვია შრომის ხელშეკრულება, წინამდებარე შინაგანაწესი და უნივერსიტეტის დებულების შესაბამისად აღებული ვალდებულებები. თუ მისმა ქმედებამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა უნივერსიტეტის საქმიანობის მიზნებს და ამოცანებს ან უნივერსიტეტის რეპუტაციას; დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება არ იწვევს ავტომატურად პირის დათხოვნას.
17.7. დათხოვნა (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა), როგორც დისციპლინარული სახდელი შეიძლება დაეკისროს პირს, რომელსაც აქვს მოქმედი დისციპლინური სახდელი და სისტემატურად არღვევს შრომის დისციპლინას ან ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული უნივერსიტეტის ტერიტორიაზე;
17.8. მოწვეული მასწავლებლის შრომის კონტრაქტი შეიძლება ვადამდე გაუქმდეს, თუ პირის პირადი საქმიანი, პროფესიული თუ პედაგოგიური დონე არ შეესაბამება უნივერსიტეტის მოთხოვნებს.
17.9. უნივერსიტეტის პერსონალს უფლება აქვს გაასაჩივროს სასამარლოში დათხოვნის სახით მასზე დაკისრებული დისციპლინური სახდელი.
მუხლი 18. პერსონალის მიერ დისციპლინური სახდელის გასაჩივრების წესი
18.1.უნივერსიტეტის მიერ შეფარდებულ სახდელის თაობაზე აპელაცია ერთი კვირის ვადაში შეიძლება შეტანილ იქნეს რექტორის სახელზე, რომლის გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება;
18.2. ადმინისტრაციული და აკადემიური თანამდებობის პირთან შრომითი ხელშეკრულების ვადამდე მოშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.
მუხლი 19. ადრე დადებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა
19.1. შრომითი საქმიანობის პროცესში მიღწეული წარმატებისთვის უნივერსიტეტის თანამშრომელს წახალისების სახით შეიძლება ვადამდე მოეხსნას ადრე დადებული დისციპლინური სახდელი;
19.2. სახდელის ვადამდე მოხდის წესი განსაზღვრულია წინამდებარე შინაგანაწესით.
მუხლი 20. შინაგანაწესის მიღება და მასში ცვლილებების/დამატებების შეტანა
20.1. უნივერსიტეტის შინაგანაწესს ამტკიცებს უნივერსიტეტის რექტორი ბრძანებით.
20.2. შინაგანაწესის გაცნობა სავალდებულოა ყველა თანამშრომლის და სტუდენტისთვის
20.3 წინამდებარე დებულებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანა შესაძლებელია მოხდეს უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით.
|